10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 6:20 pm
NBA

დერიკ როუზი “მინესოტაში” ბედნიერია

NBA-ის ისტორიაში ყველაზე ახალაგზრდა MVP იღბალმა ძალიან დაჩაგრა. მას შეეძლო 2011 წლის შემდეგ კიდევ არაერთი სეზონი ეთამაშა უმაღლეს დონეზე, მაგრამ ძალიან არ უმართლებდა. გაუთავებელი ტრავმების ფონზე დერიკი კარიერის დასრულებასაც კი ფიქრობდა, მაგრამ მან დარჩენა გადაწყვიტა.

2016 წელს როუზის დაუსრულებელი ტრავმები “ჩიკაგო ბულსის” ხელმძღვანელებს ამოუვიდათ ყელში და იგი გუნდში გატარებული 8 სეზონის შემდეგ გაუშვეს. მან კარიერა “ნიუ იორკ ნიქსში” განაგრძო, სადაც კარმელო ენტონი დახვდა.

ახალ გუნდში როუზს კვლავ ტრავმები ტანჯავდა და საბოლოოდ 1 სეზონის შემდეგ მან “ნიქსი” დატოვა და “კლივლენდს” შეუერთდა, რომელიც საჩემპიონოდ ემზადებოდა.

“კავალიერსში” ნამდვილი ვარსკვლავთცვენა იყო, მაგრამ სამწუხაროდ ისინი უკვე მობერებული ან ფორმიდან ამოვარდნილი მოთამაშეები იყვნენ. როუზის გარდა გუნდმა დაიმატა დუეინ ვეიდი, რომლის დიდების წლებიც წარსულში იყო. აიზია ტომასი, რომელმაც ტრავმების შემდეგ თავი ვერაფრით გამოიჩინა და საბოლოოდ გუნდიდან გარიცხეს. კაილი კორვერი – სამქულიანების ოსტატი, მაგრამ უკვე მობერებული. გუნდში ასევე იყვნენ კევინ ლავი, მოთამაშე რომელმაც “კლივლენდში” გადასვლის შემდეგ სერიოზული რეგრესი განიცადა. გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი თანამედროვეობის საუკეთესო კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი გახლდათ. საბოლოოდ “კლივლენდმა” სუპერფინალში ითამაშა, მაგრამ დერიკი ამას ვერ მოესწრო, რადგან დიდ წმენდაში მოჰყვა. იგი ტომასთან და ვეიდთან ერთად გუნდიდან გარიცხეს.

ერთ დროს ყველა გუნდისთვის საოცნებო კალათბურთელი უგუნდოდ დარჩა და საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა როგორ განეგრძო მომავალი. მას ჰქონდა შეთავაზებები, მაგრამ მას სურდა ისეთ გუნდში თამაში, რომელიც ფლეი-ოფში ითამაშებდა. მისდა სამწუხაროდ ასეთი არცერთი გუნდი მის მიმართ ინტერესს არ ამჟღავნებდა. საბოლოოდ “მინესოტამ” გარისკა და 30 წლის კალათბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. დერიკმა ახალ გუნდში გასულ სეზონში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა. იგი პარკეტზე 12.4 წუთს ატარებდა და 5.8 ქულას, 1.2 შედეგიან გადაცემას და 0.3 მოხსნას აგროვებდა. გუნდში მივიდა ტობიტო, რომელმაც ძალიან კარგად იცის როუზის შესაძლებლობები და მან ყველაზე ახალგაზრდა MVP-ს კიდევ ერთი შანსი მისცა.

დერიკმა მიმდინარე სეზონში დასძლია ტრავმების ეპიდემია რაც მის თამაშზეც აისახა. როუზი მართალია ძველი დერიკის აჩრდილიც აღარ არის, მაგრამ მიმდინარე სეზონში მშვენივრად ასპარეზობს. მან 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საკმაოდ დიდხანს 29.5 წუთს თამაშობს. ამ დროის მანძილზე დერიკი 19.3 ქულას, 3.1 მოხსნას, 4.4 შედეგიან გადაცემას, 0.2 ბლოკს და 0.5 ჩაჭრას აგროვებს, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. დერიკი არც დისციპლინაში მოიკოჭლებს და საშუალოდ 1.2 პერსონალურ შენიშვნას იღებს და 1.8-ჯერ კარგავს ბურთს. ეს კი მისი პოზიციიდან გამომდინარე ურიგო შედეგი არ გახლავთ.

დერიკმა მიმდინარე სეზონში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა, როდესაც შესანიშნავი დაცვის მქონე “იუტა ჯაზს” 50 ქულა ჩაუგდო.

ბუნებრივია წინა წლებთან შედარებით ასეთი რადიკალური ცვლილებების შემდეგ დერიკი მედიის ყურადღების ცენტრშია. 50 ქულიანი მატჩის შემდეგ ბევრი მის კვლავ ჩაგდებულ შეხვედრებს მოელოდა, მაგრამ მათ მოლოდინი არ გამართლდა და როუზი აგრძლებს წარმატებულ ასპარეზობას.

ჟურნალისტებთან საუბარში დერიკმა ამჟამინდელ ფორმასა და “მინესოტაში” ყოფნის შესახებ ისაუბრა.

დიდი ხნის შემდეგ მე ბედნიერი ვარ. მე არ მაინტერესებს რა გავაკეთე ან როგორი ვიყავი “ჩიკაგოში”, ვცდილობ კარგად ვითამაშო და წარმატებას მივაღწიო. ვცდილობ, თითოეულ მატჩზე გავამახვილო ყურადღება და ამ შეხვედრისთვის მოვემზადო. ძალიან მინდა საუკეთესო მეექვსე კაცის პრიზი მოვიგო. დღეს მე არ ვფიქრობ იმაზე, რომ ვიყო საუკეთესო კალათბურთელი, არამედ მსურს საუკეთესო სათადარიგო მოთამაშე გავხდე. ყოველი შეხვედრის წინ მსურს გუნდს დავეხმარო წარმატების მიღწევაში. ჩემთვის თამაშის სათადარიგოთა სკამზე დაწყება უცნარი გახლდათ, მაგრამ ამავე დროს მივეჩვიე და ვფიქრობ, ამისთვის ვარ გუნდში, რომ ჩემი საქმე გავაკეთო და ახალგაზრდა ბიჭებს დავეხმარო სწორად განვითარებაში. მინდა ვთქვა, რომ მე “მინესოტაში” ბედნიერი ვარ

აცხადებს როუზი

იხილეთ ასევე

Leave a review