10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 6:28 pm
NBA

ზაზა ფაჩულიას კარგი თამაში “ფინიქსთან”

დღეს ნაციონალური საკალათბურთო ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც თავისი საშინაო შეხვედრა ჩაატარა ზაზა ფაჩულიას “დეტროიტმა”.

“პისტონსის” მეტოქე ამჯერად დასავლეთ კონფერენციის აუტსაიდერი “ფინიქსი გახლდათ. მასპინძლებს გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავთ და ბუნებრივია მატჩის ფავორიტადაც სწორედ ისინი ითვლებოდნენ, მაგრამ მათ თამაში არცთუ ისე დამაჯერებლად დაიწყეს და პირველი პერიოდი 27-32 დათმეს.

მეორე მეოთხედში მასპინძლები გამოფხიზლდნენ და 35-28 იმარჯვეს. საბოლოოდ “დეტროიტი” 2 ქულიანი უპირატესობით გავიდა დიდ შესვენებაზე.

მესამე მეოთხედში კვლავ “ფინიქსი” დაწინაურდა 24-21 და გადამწყვეტ პერიოდს 1 ქულიანი უპირატესობით შეხვდა.

ბოლო მეოთხედში კი “დეტროიტის” კალათბურთელებმა ძალიან მოუმატეს და მეტოქე 35-23 დაამარცხეს. საბოლოოდ მასპინძლებმა მატჩი118-107 მოიგეს და აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხე ადგილამდე დაწინაურდნენ. “ფინიქსი” კი კვლავინდებურად დასავლეთ კონფერენციის ბოლო ადგილზე დარჩა.

კარგი მატჩი ჩაატარა “დეტროიტის” ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ. მან შეხვედრა ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო, მაგრამ პარკეტზე თითქმის 13 წუთი გაატარა. ზაზას მონაგარი ამ დროის განმავლობაში 7 ქულა, 10 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ რაც ურიგო შედეგი ნამდვილად არ არის.

მასპინძელთაგან გამოირჩა ჯექსონი 19 ქულით, 8 შედეგიანი გადაცემით და 2 მოხსნით. ბლეიქ გრიფინს 16 ქულა, 3 მოხსნა და 11 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, ხოლო ზაზას უშუალო კონკურენტ ანდრე დრამონდს 19 ქულა, 16 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა.

“ფინიქსის” მხრიდან მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბუქერი გახლდათ. მის ანგარიშზე 37 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 მოხსნა არის. ასევე კარგი მატჩი ჩაატარა აიტონმა. მან 25 ქულა, 13 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ეს გახლდათ ერთადერთი ორმაგი დუბლი სტუმართა მხრიდან.

“დეტროიტი” მომდევნო მატჩს 28 ნოემბერს კვლავ საშინაო არენაზე “ნიუ იორკ ნიქსის” წინააღმდეგ გამართავს.

იხილეთ ასევე

Leave a review