10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:17 pm
NBA

ზაზა ფაჩულიას მონაგარი ყოფილ გუნდთან

დღეს დილით NBA-ის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა, სადაც ზაზა ფაჩულიას “დეტროიტი” საშინაო არენაზე ქართველი ცენტრის ყოფილ გუნდს “გოლდენ სტეიტს” დაუპირისპირდა.

ბოლო პერიოდში მოქმედი ჩემპიონები ვერ გამოიყურებიან სათანადოდ რაც გარკვეულწილად ტრავმების დამსახურებაც გახლავთ. რამდენიმე თამაში გამოტოვა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა სტეფ კარიმ, ასევე ტრავმირებულია გრინი. ეს ყველაფერი კი შედეგზეც აისახა და გუნდს ბოლო 9 თამაშიდან უკვე 6 მარცხი აქვს.

“დეტროიტთან” მატჩი ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. ტრავმის შემდეგ პარკეტს დაუბრუნდა სტეფ კარი, მაგრამ გრინი კვლავ ლაზარეთში რჩება. პირველი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში გაილია და საბოლოოდ ფრე 24-24 დასრულდა. მეორე პერიოდში “პისტონსის” კალათბურთელებმა შეძლეს გაქცევის მოწყობა და დიდ შესვენებაზე 8 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.

მეორე ტაიმში “გოლდენ სტეიტმა” სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ სტუმრებმა მხოლოდ 7 ქულამდე შემაცირეს სხვაობა და დასკვნით მეოთხედს საკმაოდ რთულ მდგომარეობაში შეხვდნენ. ბოლო პერიოდში “დეტროიტმა” კვლავ მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ მატჩი 9 ქულიანი სხვაობით 111-102 მოიგო.

ბოლო პერიოდში” პისტონსის” კალათბურთელები კარგ ფორმაში არიან. მათ ბოლო 10 შეხვედრიდან 8 მოიგეს, ხოლო ბოლო ხუთ მატჩში საერთოდ არ დამარცხებულან.

ყოფილი გუნდის მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო ზაზა ფაჩულია. მან პარკეტზე 12 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში გუნდს 2 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შემატა. ზაზამ 2 საშუალო სროლიდან 1 გამოიყენა, ხოლო 3 ქულიანი ტრადიციულად არ უსვრია. ქართველი ცენტრი არც საჯარიმო ხაზზე დამდგარა.

მასპინძელთაგან საუკეთესო მექულე ბლეიქ გრიფინი გახლდათ 26 ქულით. ანდრე დრამონდი კი “დეტროიტის” მხრიდან ერთადერთი ორმაგი დუბლის ავტორი. მან დღევანდელ შეხვედრაში 16 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა.

სტუმართა მხრიდან საუკეთესო კევინ დურანტი იყო 28 ქულით, მას 1 ქულით ჩამორჩა სტეფ კარი. ხოლო კლეი ტომფსონმა 21 ქულა შემატა გუნდს. აღსანიშნავია, რომ “გოლდენ სტეიტის” მხრიდან არცერთ კალათბურთელს ორმაგი დუბლი არ შეუსრულებია.

იხილეთ ასევე

Leave a review