10 C
Tbilisi
Thursday, 13 December, 2018 წელი 5:15 pm
ვიდეო

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშო მარცხით დაასრულა ( ვიდეო )

დღეს კიუშუ ბაშოზე ბოლო მე-15 ტურის ბრძოლები გაიმართა, სადაც თავისი მორიგი შეხვედრა ჩაატარა ქართველმა ოძეკმა ტოჩინოშინმა.

ლევანი კიუშუ ბაშოს წინ იოკოძუნების არყოფნაში ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ტურნირი ჩააგდო და საბოლოოდ დადებითი ბალანსის დაგროვება მოახერხა. ამ წარმატებით ტოჩინოშინმა კადობანი თავიდან აიცილა.

დღეს ტოჩინოშინის მეტოქე შოჰოზანი გახლდათ. ქართველმა ოძეკმა კაჩე-კოში წინა ტურში გაინაღდა და დღეს სრულიად უმოტივაციოდ გახლდათ, მაგრამ ამის მიუხედავად ლევანს ჰქონდა შანსი 2018 წელს მოგებათა სერია დაემრგვალებინა და 60 გაეხადა. შოჰოზანსაც დადებითი ბალანსი მოპოვებული ჰქონდა, მაგრამ იგი მე-7 მაეგაშირას წოდებას ატარებს და მისთვის ყოველი გამარჯვება კიდევ უფრო დაწინაურებას ნიშნავს.

შოჰოზანთან ბრძოლა ძალიან საინტერესო გამოდგა. სუმოისტებს სამი ბრძოლის გამართვა დასჭირდათ გამარჯვებულის გამოსავლენად. პირველ შემთხვევაში ტოჩინოშინმა ბრწყინვალე ილეთით შეძლო ურთულესი სიტუაციიდან თავის დაღწევა და მეტოქის დოჰიოზე დაგდება, მაგრამ მსაჯებმა მას გამარჯვება გაუუქმეს. მეორე შემთხვევაში სასტარტო დაჯახებისთანავე მოიპოვა უპირატესობა და გამარჯვება აღარ უნდა გასჭირვებოდა, მაგრამ მთავარმა მსაჯმა სასტარტო შეჯახების დროს შოჰოზანის მიერ დოჰიოზე ორივე ხელის არ დადება დააფიქსირა და სუმოისტები შეაჩერა. მესამე ეპიზოდში ტოჩინოშინმა კვლავ შეძლო მეტოქის დოჰიოს მიღმა გადაყვანა, მაგრამ ვიდეო რეფერის ჩარევის შემდეგ მსაჯებმა საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღეს და ლევანს ერთ ეპიზოდში დოჰიოს გარეთ ფეხის თითის დადება დაუფიქსირეს და გამარჯვება შოჰოზანს მიანიჭეს.

ამრიგად დღევანდელი მარცხით ტოჩინოშინმა 8 მოგებასთან ერთად 7 მარცხი დააგროვა და კაჩე-კოში გაიფორმა. ლევანს მომავალ ბაშოზე შეუძლია მშვიდად იყოს, რადგან უარყოფითი ბალანსის შემთხვევაშიც მას ოძეკის წოდების დაკარგვა არ ემუქრება.

რაც შეეხება შოჰოზანს, მან 10 მოგება და 5 მარცხი დააგროვა. იგი აუცილებლად დაწინაურდება და მომავალ ბაშოს მე-7 მაეგაშირაზე ბევრად მაღალი წოდებით შეხვდება, მაგრამ სადამდე ექნება წინსვლა ამას დეკემბერში გამოქვეყნებული ბანძუკეს შემდეგ შევიტყობთ.

იხილეთ ასევე

Leave a review